აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები დაუწესდა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებულ Hennesea Holdings-ს და 17 ტანკერს, რომლებიც რუსული ნავთობის გადაზიდვას ახორციელებდნენ.
ტანკერები ლიბერიის დროშით დაცურავენ და რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებდნენ.
როგორც ცნობილია, 2023 წლის დეკემბერში აშშ-მა და G7-ის სხვა ქვეყნებმა გაამკაცრეს რუსეთიდან ნავთობის მონიტორინგი.
ნავთობის მომწოდებლები ვალდებულები არიან, თავიანთი კონტრაგენტებისგან მოითხოვონ ზუსტი ინფორმაცია რუსული ნავთობის ჩატვირთვის და გაგზავნის შესახებ. ვაჭრობის მონაწილეებმა უნდა წარადგინონ დეტალური ინფორმაცია ტვირთის და ასევე მისი სადაზღვევო ხარჯების შესახებ.
G7-ის ქვეყნებმა, ევროკავშირმა და ავსტრალიამ, 2022 წლის დეკემბერში რუსული ნავთობის შესყიდვის ფასის ლიმიტი ბარელზე $60-ით განსაზღვრეს.
2023 წლის თებერვალში კი მიწოდების ფასების ზღვარი, პრემიუმ და სხვა სახის ნავთობპროდუქტებისთვის, შესაბამისად, $100 და $45-ის ოდენობით განისაზღვრა.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ყოველთვიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წლის დეკემბრის ბოლოსთვის რუსეთის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან $1,4 მილიარდით შემცირდა და 14,4 მილიარდი შეადგინა.
ეს მინიმალური ოდენობაა 2023 წლის ივნისის შემდეგ.
ამავდროულად, რუსეთმა დეკემბერში ნავთობის ექსპორტი დღეში 500 000 ბარელით გაზარდა და ბოლო ცხრა თვეში დღიურად, საშუალოდ, 7,8 მილიონი ბარელის ექსპორტს ახორციელებს.