შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს (OFAC) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეზღუდვები გავრცელდება რუსული ბრილიანტისა და ნავთობის იმპორტზე.
სანქციები დაუწესდება რუსეთის ოთხ კომპანიას და ერთ გემს.
ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რომ რუსულ ნავთობზე ამ დრომდე შემოღებულმა საფასო ლიმიტმა შეამცირა კრემლის შემოსავლები, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის იყენებს. ასევე აღნიშნავს, რომ ახალი სანქციებით გემების წინააღმდეგ, რომლებიც არღვევენ რუსული ნავთობის ფასის ლიმიტს, გაგრძელდება კრემლისთვის ხელშეშლა ამ უკანონო ომში.
სანქციები ვრცელდება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებულ კომპანიებზე Zeenit, Oil Tankers, SCF და Talassa. ასევე ლიბერიაში რეგისტრირებულ NS Leader Shipping-ს .
აშშ-ის ახალი სანქციების თანახმად, აიკრძალა რუსეთის ფედერაციაში მოპოვებული ბრილიანტების, ბრილიანტის სამკაულების და დაუმუშავებელი ბრილიანტის იმპორტი.
ასევე ცნობილი გახდა, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის დეტალები. შეზღუდვები შეეხება იმ პირებს და კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ იარაღს და ძირითად ტექნოლოგიებს აწვდიან რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას.
Reuters-ის ინფორმაციით, სანქციების გამო, რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი ინდოეთში ბოლო ერთი წლის მინიმუმამდე დაეცა.