აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა 20 აპრილს უყრის კენჭს ისრაელისთვის, უკრაინისა და ტაივანისთვის დახმარების პაკეტების დამტკიცებას. ამის შესახებ პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა.
საერთო ჯამში დახმარება დაახლოებით $95 მილიარდი იქნება. აქედან $60,84 მილიარდი განკუთვნილია უკრაინისთვის და $26,38 მილიარდი ისრაელისთვის. $8,12 მილიარდი ტაივანის გარშემო არსებული პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გამოიყოს.
ჯონსონი დახმარების პაკეტის სამ კანონპროექტად დაყოფას გეგმავს. თითოეულ მათგანს კენჭს ცალ-ცალკე უყრიან.
ჯონსონმა თქვა, რომ ის პალატის წევრებს კანონპროექტის გასაცნობად მისი წარდგენიდან 72 საათს, 20 აპრილის შუადღემდე მისცემს. მისივე თქმით, პალატა კანონპროექტს იმ საღამოსვე უყრის კენჭს. პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ საზღვრის უსაფრთხოების კანონპროექტს ცალკე გამოაქვეყნებს, რითაც დააკმაყოფილებს რესპუბლიკელთა მოთხოვნას.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ იგი მტკიცედ უჭერს მხარს პაკეტს და მოუწოდა პალატას მიმდინარე კვირაში მიიღოს, ხოლო სენატმა სწრაფად დაამტკიცოს იგი.
„ამ კანონმდებლობას დაუყოვნებლივ მოვაწერ ხელს, რათა მსოფლიოს მივაწოდო გზავნილი: ჩვენ ვდგავართ ჩვენს მეგობრებთან ერთად და არ მივცემთ ირანს ან რუსეთს წარმატების მიღწევის საშუალებას“, – თქვა ბაიდენმა განცხადებაში
რას ითვალისწინებს უკრაინის პაკეტი
უკრაინის დახმარების თანხიდან, $23,2 მილიარდი, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის რეზერვების შესავსებად (იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა), $13,8 მილიარდი – უკრაინისთვის იარაღისა და თავდაცვის სერვისების შესაძენად. კანონპროექტი ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას, აშშ-ის პრეზიდენტს მოუწევს ამაზე მოლაპარაკება უკრაინის მთავრობასთან, ამასთან, მას ექნება ვალის ნახევრის ჩამოწერის უფლება.
ისრაელისთვის გათვალისწინებული თანხის ნაწილი დაფარავს აშშ-ის სამხედრო ოპერაციების ხარჯებს ახლო აღმოსავლეთში, ხოლო $9,1 მილიარდი განკუთვნილია ჰუმანიტარული დახმარებისთვის.