აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა (Fed) საბაზისო საპროცენტო განაკვეთი უცვლელად – 5,5%-ის ნიშნულზე დატოვა. ეს 22 წლის მაქსიმუმია.
მონეტარული პოლიტიკის შერბილება Fed-მა 2024 წლისთვის გადადო.
აშშ-ში ეკონომიკის ზრდა და უმუშევრობის დაბალი მაჩვენებლები საკმარისი არ აღმოჩნდა საპროცენტო განაკვეთის შესამცირებლად.
იმის მიუხედავად, რომ აშშ-ში ინფლაცია 3,7%-მდე დაიწია, ფედერალური რეზერვი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ინფლაციის სამიზნე 2%-იან ნიშნულამდე შემცირება. ამისთვის კი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა უნდა შენარჩუნდეს.
ექსპერტები Fed-ის მიერ განაკვეთების შემდგომი ზრდის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ. ამ მოლოდინს ნავთობის გაძვირება აჩენს, რაც ფასების საერთო დონის გაზრდის ყველაზე ძლიერ ფაქტორს წარმოადგენს.