სანქციების გამო მოსკოვის ბირჟა დღეიდან, 13 ივნისიდან დოლარსა და ევროში
ვაჭრობას შეწყვეტს. რუსეთის ბანკმა გამოაცხადა, რომ ასევე აჩერებსს ჰონგ კონგის დოლარით ვაჭრობას, რადგან ის მიბმულია აშშ დოლარზე.
ბირჟაზე ვაჭრობის გაუქმება აშშ-ის მიერ შემოღებული სანქციების შედეგია.
OFAC-მა, აშშ-ის საერთაშორისო აქტივების კონტროლის ოფისმა, რომელიც პასუხისმგებელია სანქციების სფეროში კანონის აღსრულებაზე, ოთხშაბათს, 12 ივნისს სანქცირებულთა სიაში შეიყვანა მოსკოვის ბირჟა, რუსეთის ეროვნული კლირინგ ცენტრი (NCC) და ეროვნული დეპოზიტარი (NSD).
რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ დოლარის და ევროს ტრანზაქციები ბირჟის გარეთ, სარეზერვო ბაზარზე გაგრძელდება.
ხოლო რუბლის მიმართ აშშ დოლარისა და ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსების დასადგენად, ცენტრალური ბანკი გამოიყენებს საბანკო ანგარიშებს და სავაჭრო პლატფორმებიდან მიღებულ ინფორმაციას.