COVID-19-ის პანდემია ჩინური ლაბორატორიიდან გაჟონვამ გამოიწვია. ეს დასკვნა ამჯერად უკვე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმაც გააკეთა. როგორც ცნობილია, კორონავირუსის ლაბორატორიული წარმოშობის ვერსიას ადრე გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) უჭერდა მხარს. სხვა ამერიკული სააგენტოები ასეთი დასკვნის გაკეთებისგან თავს იკავებდნენ. ახლა ამ დასკვნას ენერგეტიკის სამინისტროც ეთანხმება.
ინფორმაცია The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა. როგორც ამერიკული გამოცემა წერს, ის დაეყრდნო ამერიკული დაზვერვის იმ წყაროებს, რომლებიც გაცნობილნი არიან საიდუმლო ანგარიშის შინაარსს.
აშშ-ის დაზვერვა ემხრობა იმ ვერსიას, რომ ვირუსმა ინფიცირებული ცხოველისგან დაიწყო გავრცელება. დაზვერვამ 2021 წლის ანგარიშში აღნიშნა, რომ ჩინეთი არ მუშაობდა ვირუსზე, როგორც ბიოლოგიურ იარაღზე. ხოლო ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის (საიდანაც ინფექცია გავრცელდა) თანამშრომლებმა ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ არ იცოდნენ. ლაბორატორიის თანამშრომლებმა COVID-19-ის შესწავლა ეპიდემიის გავრცელების შემდეგ დაიწყეს.
ჩინეთი მისი ლაბორატორიიდან COVID-19-ის გავრცელების ვერსიას დღემდე „უსაფუძვლოს“ უწოდებს. აცხადებს, რომ ვირუსი წარმოიშვა შეერთებულ შტატებში, სადაც ასევე იკვლევდნენ კორონავირუსებს.
COVID-19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთის ქალაქ ვუჰანში 2019 წლის ბოლოს გამოვლინდა. 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა. COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა სულ 700 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. დაღუპულთა რიცხვი კი შვიდ მილიონს აღწევს.