2023 წლის მესამე კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა მოსალოდნელ 4.9%-ზე მეტად გაიზარდა და 5,2% შეადგინა. ეს ყველაზე სწრაფი ზრდაა 2021 წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ.
სამომხმარებლო ხარჯების ზრდა, რომელიც აშშ-ის ეკონომიკური აქტივობის ⅔-ზე მეტს ქმნის, შემცირდა 3.6%-მდე (ადრე ნავარაუდევ 4%-ზე ნაკლებად).
ამერიკელი მომხმარებლები კვლავ ხარჯავენ, მაგრამ უფრო ნელი ტემპით. შესაბამისად, ინფლაციაც შემცირებულია.
სამაგიეროდ, კორპორაციული მოგების მაჩვენებელმა 4.3%-ით მოიმატა.
ეკონომიკის ანალიზმა აჩვენა, რომ შეერთებულ შტატებში არსებულმა ბიზნესებმა ააშენეს მეტი საწყობები და დააგროვეს მანქანა-დანადგარები, მაგრამ სესხზე მაღალი პროცენტები ზღუდავს დაქირავებასა და ხარჯვას.
მოქალაქეების პირადი შემოსავალი წინა კვარტალში უფრო მაღალი იყო, რაც ხელფასების ზრდას მოჰყვა. დაზოგვის მაჩვენებელი 3.8-დან 4.0%-მდე გაიზარდა.
ეკონომისტების შეფასებით, გასულ კვარტალში ხელფასების მომატებამ ხელი შეუწყო ეკონომიკის ზრდას.
ფინანსური მომსახურებისა და დაზღვევის, ასევე სატვირთო მანქანების დანახარჯები შემცირდა, რაც, სავარაუდოდ, ავტომუშაკთა გაფიცვამ გამოიწვია.
ეკონომისტებს მშპ-ის ეს მაჩვენებელი არასაკმარისად მიაჩნიათ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეკონომიკამ წელს თავიდან აიცილა რეცესია.
მოთხოვნის შენელებამ და ინფლაციის კლებამ გააჩინა ოპტიმიზმი, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი (Fed), სავარაუდოდ, დაასრულებს საპროცენტო განაკვეთების ზრდის ციკლს. ფინანსური ბაზრები 2024 წლის შუა რიცხვებში რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ელოდებიან.
2022 წლის მარტიდან Fed-მა რეფინანსირების განაკვეთი 525 საბაზისო პუნქტით, 5,25%-5,50%-მდე გაზარდა.