აშშ და საუდის არაბეთი ინვესტირებას გეგმავენ აფრიკის ლითონის რესურსებში. მათი მიზანი ლითონის გლობალურ ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაა.
როგორც The Wall Street Journal წერს, საუდის არაბეთის სახელმწიფო საწარმო $15 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, გვინეასა და ნამიბიაში. როგორც გამოცემა წერს, ამერიკულ კომპანიებს მოპოვებული ლითონის ყიდვის უპირატესი უფლება ექნებათ.
როგორც ცნობილია, აშშ-ს და ჩინეთს შორის მძაფრი კონკურენციაა კობალტის, ლითიუმის და სხვა მეტალების მიწოდებაში.
შეერთებულ შტატებს ჩინეთის მრეწველობის შეზღუდვა აქვს განზრახული და ამისთვის მას საუდის არაბეთი მოკავშირედ სჭირდება.
ვაშინგტონს სურს, ელექტრომობილების ინდუსტრია ბატარეებით ჩინეთიდან აღარ მარაგდებოდეს. ამით ის შეეცდება, საკუთარი ელექტრომობილების წარმოება მზარდი საერთაშორისო კონკურენციისგან დაიცვას.
ამასთანავე, ორმა ქვეყანამ გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც კონტინენტთაშორისი მწვანე დერეფნის შექმნას ითვალისწინებს.
სარკინიგზო დერეფანი დააკავშირებს აზიასა და ევროპას საუდის არაბეთის გავლით. ამ მარშრუტით მოხდება განახლებადი ენერგიისა და სუფთა წყალბადის ტრანსპორტირება გადამცემი ხაზებისა და მილსადენების მეშვეობით.
პროექტი მიზნად ისახავს მდგრადი ენერგიის წარმოებას, ციფრული ეკონომიკის გაუმჯობესებას (ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების საშუალებით მონაცემთა გადაცემის გზით); ასევე, კომერციული ვაჭრობის გაძლიერებასა და საქონლის ტრანზიტის გაზრდას რკინიგზისა და პორტების ერთმანეთთან დაკავშირებით.