შეერთებული შტატების მთავრობა მომავალ კვირას გეგმავს მკვეთრად გაზარდოს ტარიფები ჩინეთიდან იმპორტირებულ ელექტრომობილებზე, ნახევარგამტარებზე, სამედიცინო ინვენტარზე, მზის პანელებზე და მწვანე ენერგიის სხვა აღჭურვილობაზე. ამის შესახებ AP აშშ-ის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მათ შორის, ჩინურ ელექტრომობილებზე იმპორტის გადასახადი 4-ჯერ გაიზრდება, ამჟამად არსებული 25%-დან 100%-მდე.
ამერიკის მთავრობის ეს ნაბიჯი დაკავშირებულია ჩინეთიდან ელექტრომობილებისა და სხვა პროდუქტების ჭარბი იმპორტის შესაჩერებლად. რამაც შესაძლოა „საფრთხე შეუქმნას სამუშაო ადგილებს და აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას”.
მოწინავე ინდუსტრიული ქვეყნები, მათ შორის შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები, შიშობენ, რომ ჩინეთიდან იაფი პროდუქციის ნაკადი მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ადგილობრივ წარმოებას.
ცნობისთვის, ჩინური ავტომწარმოებელი BYD 2025 წლისთვის ევროპაში მეორე ქარხნის მშენებლობას აპირებს, ხოლო უკვე 2030 წლისთვის კომპანია გეგმავს “წამყვანი პოზიცია” დაიკავოს, როგორც ელექტრომობილების მწარმოებელმა.