აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ათეულობით მილიონმა ამერიკელმა თავის კანდიდატს უკვე მისცა ხმა. ამერიკელებმა მომავალი პრეზიდენტი კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის უნდა აირჩიონ. ორივე კანდიდატს გამარჯვების თითქმის თანაბარი შანსები აქვთ.
პირველი საარჩევნო უბნები დაიხურება საღამოს, ბოლო კი ოთხშაბათს დილით ადრე. გამარჯვებულის ვინაობა კი ცნობილი იქნება ოთხშაბათს გვიან ღამით, ან მეორე დღეს, დილით.
არჩევნების შედეგი დამოკიდებული იქნება ხმის მიცემაზე შვიდ საკვანძო შტატში. წლევანდელი სვინგის შტატებია: არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი. მათ შორის ყველაზე დიდი პენსილვანიის შტატია და კანდიდატებს შორის გამარჯვებულის ვინაობაც შესაძლოა ამ შტატმა გაარკვიოს. კამალა ჰარისიც და დონალდ ტრამპიც ხშირად სტუმრობდნენ ამ შტატს საარჩევნო კამპანიის დროს.
არჩევნების შედეგმა შეიძლება გავლენა მოახდინოს აშშ-ს ურთიერთობებზე ევროპასთან, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უკრაინის, ნატოს და ტრანსატლანტიკური ვაჭრობის მომავალი.
ევროპაში ელოდებიან, რომ ჰარისის ადმინისტრაცია ევროპასთან ურთიერთობებში სტატუს კვო შეინარჩუნებს. ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა კი უფრო პროტექციონისტული იქნება, აშშ-ის ლიდერობის ხაზგასმით.
ამ არჩევნებში სენატში 34 ადგილია მოსაპოვებელი. დემოკრატები იმედოვნებენ, რომ სენატში მცირე უმრავლესობას შეინარჩუნებენ. წარმომადგენელთა პალატაში 435 ადგილია.