“უცხოური აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიცია პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან მოქალაქეების მისამართით რეზინის ტყვიებს ისვრის.
მომიტინგეების წინააღმდეგ ასევე იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლს.
სპეცრაზმელები პარლამენტის შიდა ეზოს დატოვებისთვის და აქციის დარბევისთვის ემზადებიან.
აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიისგან მიღებული ჭრილობები აქვთ. ერთ-ერთ მომიტინგეს თვალი აქვს დაზიანებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ არ გაუვრცელებია. უწყებამ ამ დრომდე მხოლოდ წყლის ჭავლის და წიწაკის სპრეის გამოყენება დაადასტურა.
რუსთაველის გამზირზე ხდება ტელეფონის და ინტერნეტის სიგნალის დახშობაც.
რუსთაველზე აქციის დარბევა პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყეს.
აქციის მონაწილეების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც დღეს საღამოს პარლამენტმა მეორე მოსმენითაც მიიღო „უცხოური აგენტების კანონი“.
პოლიცია პარლამენტის ზედა და ქვედა შესასვლელებთან გამაგრდა და დეპუტატები მათ უსაფრთხოდ გაიყვანეს.
ამის შემდეგ სპეცრაზმელები პარლამენტის შიდა ეზოს ტერიტორიაზე გამაგრდნენ.