ფინანსთა სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა 2023 წლის ბიუჯეტში, რომელსაც ამჟამად საქართველოს პარლამენტი იხილავს.
ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები გაიზრდება 431 მილიონი ლარით და 22.3 მილიარდი ლარი გახდება.
შეცვლილი ეკონომიკური პარამეტრები
კორექტირებულ ბიუჯეტში მიმდინარე წელს ეკონომიკის 5%-იანი ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე იზრდება.
მშპ-ის დეფლატორის საპროგნოზო მაჩვენებელი 3.1%-მდე მცირდება, რის შედეგადაც 897 მლნ ლარით მცირდება ნომინალური მშპ-ის პროგნოზი და 78.8 მლრდ ლარს უტოლდება.
ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 2.6%-მდე მცირდება. შედეგად, ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს მიმდინარე წელს დაუბრუნდება.
გაზრდილი შემოსავლები და ხარჯები
ეკონომიკურ პარამეტრებთან ერთად იცვლება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახადების მაჩვენებლები. 257 მლნ ლარით მატულობს შემოსულობები და 22.1 მლრდ ლარს უტოლდება, რაც ძირითადად საგადასახადო და სხვა შემოსავლების კომპონენტების ზრდითაა განპირობებული.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა 431 მლნ ლარით იზრდება და 22.3 მლრდ ლარს უტოლდება, რაც ძირითადად განპირობებულია „ხარჯების“ მუხლის 565 მლნ ლარით მატებით.
54 მხარჯავი დაწესებულებიდან დაფინანსება ეზრდება 12-ს, მათ შორის, 9 სამინისტროს. სამინისტროებისთვის დამატებით გამოყოფილი თანხის ჯამური ოდენობა 424.5 მლნ ლარია.
მხარჯავი დაწესებულებებისთვის განსაზღვრული 128 პროგრამიდან დაფინანსება ეცვლება 18-ს. მათ შორის, 16 პროგრამის შემთხვევაში ასიგნებები მატულობს, ჯამურად 458.8 მლნ ლარით, ხოლო 2 პროგრამის ასიგნებები მცირდება 13 მლნ ლარით.
აუდიტის სამსახურის შენიშვნები
2023 წლის ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით პარლამენტს საკუთარი დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წარუდგინა.
აუდიტის სამსახურს შენიშვნა აქვს კორექტირებული ბიუჯეტის დანართთან დაკავშირებით. უწყება აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის პროექტს არ ახლავს განახლებულ დანართი, შესაბამისად ვერ ხერხდება პროექტების შეჩერებისა თუ დაფინანსების ცვლილების მიზეზების გარკვევა. ასევე, შეუძლებელია იმის დადგენა, რა გავლენა ექნება დაფინანსების ცვლილებას შესაბამისი პროგრამების სამიზნე მაჩვენებლებზე;
აუდიტის სამსახურს აქვს სხვა შენიშვნებიც:
-
კაპიტალური პროექტების ნაწილს მნიშვნელოვნად ეცვლება დაფინანსება. მიუხედავად ამისა, კანონპროექტს არ ახლავს განახლებული კაპიტალური პროექტების დანართი;
-
კანონპროექტთან ერთად არ მომხდარა სსიპ/ა(ა)იპ-ების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ განახლებული ინფორმაციის წარმოდგენა, რაც ართულებს ცვლილებების გავლენის შეფასებას აღნიშნულ ორგანიზაციებზე.
რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 262 მლნ ლარით მცირდება და 31.3 მლრდ ლარს უტოლდება, რაც გამოწვეულია ერთი მხრივ ეროვნული ვალუტის გამყარებით, ხოლო მეორე მხრივ საგარეო სესხების მოცულობის წმინდა ზრდის კლებით.
კანონპროექტით წარმოდგენილი მთავრობის წმინდა ვალის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი 35.4%-ია და მცირედით სცდება „ვალის მართვის სტრატეგიით“ 2023 წლისთვის განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებელს (35.1%).
ცვლილება ითვალისწინებს სამ ახალ პროექტს 1.9 მლნ ლარის დაფინანსებით, ერთი პროექტის გადავადებას 30 მლნ ლარის დაფინანსებით, 6 პროექტის დაფინანსების ზრდას ჯამურად 68 მლნ ლარით და 18 პროექტის დაფინანსების შემცირებას ჯამურად 293 მლნ ლარით.
აღნიშნული ცვლილების მასშტაბური ხასიათის მიუხედავად, კანონპროექტში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი პროექტების შეჩერების/დაფინანსების ცვლილების გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია.