საქართველოს მთავრობა საარჩევნო წელს სახელმწიფო ბიუჯეტს 360 მლნ ლარით ზრდის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა.
კობახიძე ამბობს, რომ ბიუჯეტის კორექტირების საშუალებას ქვეყნის ეკონომიკის ზრდის 9%-იანი ზრდის მაჩვენებელი იძლევა.
პრემიერის თქმით, 360 მილიონი ლარი გადანაწილდება ისეთ სფეროებზე როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, თავდაცვა და რეგიონული განვითარება.
მისივე თქმით, ანაზღაურება გაეზრდება 37 000 მასწავლებელს, რაც პედაგოგების მთლიანი რაოდენობის 70%-ია.
ხელფასის ზრდა სულ მცირე 500 ლარი იქნება. მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით.
„საჯარო სკოლებში სულ არის 52 000 მასწავლებელი, აქედან 37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტინგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით და მეტით, დაახლოებით 25%-ს გაეზრდება ანაზღაურება სულ მცირე 300 ლარით. ყველა პედაგოგს სულ მცირე 200 ლარით გაეზრდება შრომის ანაზღაურება.
ეს არის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, დადებითად აისახება მთლიანად ზოგადი განათლების სისტემაზე, განათლების ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არის ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას განათლების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით და გაგრძელდება რეფორმების განხორციელება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი. პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა კარიერული ზრდის სისტემის დახვეწაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. იყო გარკვეული ნაკლოვანებები ამ მიმართულებით და მინისტრთან ერთად აქტიურად გავაგრძელებთ ამ თემებზე მუშაობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.