სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 4.2 ლარით შემცირდა და 251,8 ლარი შეადგინა. ხოლო გასული წლის აპრილთან შედარებით, წელს შრომისუნარიანი მამაკაცისთვის საარსებო მინიმუმი 10.8 ლარით (4.5%-ით) არის გაზრდილი.
საარსებო მინიმუმის ცვლილება ინფლაციის მაჩვენებელზეა დამოკიდებული. რადგან ოფიციალური სტატისტიკით, 2023 წლის აპრილში წლიური ინფლაციის დონე 2,7%-მდე შემცირდა, ეს კლება შესაბამისად აისახა საარსებო მინიმუმის ოდენობაზეც.
საარსებო მინიმუმი გამოითვლება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიების მინიმალურ ოდენობას.
მინიმალურ სასურსათო კალათაში სულ 40 დასახელების პროდუქტი შედის. სტატისტიკის სამსახური მათ ფასს ყოველთვიურად აჯამებს და საარსებო მინიმუმის ოდენობას ადგენს.