2024 წლის აპრილში მთავრობას საწვავის შესყიდვა გაუძვირდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის აპრილში მარტთან შედარებით შესასყიდი ფასი 0,19 ლარით არის გაზრდილი. ფასმა მოიმატა როგორც ბენზინზე, ასევე ევრორეგულარზე, არ გაძვირებულა მხოლოდ ევროდიზელი და აპრილშიც მთავრობას ერთ ლიტრის შესყიდვა 2,86 ლარი დაუჯდება.
- ევრორეგულარი – მარტის ფასი მთავრობისთვის 2.52 ლარი, აპრილის ფასი 2.71 ლარი, მატება 7.5%;
- პრემიუმი – მარტის ფასი მთავრობისთვის 2.54 ლარი, აპრილის ფასი 2.73 ლარი, მატება 7.5%;
- სუპერი – მარტის ფასი მთავრობისთვის 2.83 ლარი, აპრილის ფასი 3.02 ლარი, მატება 6.7%
- ევროდიზელი – მარტის ფასი მთავრობისთვის 2.86 ლარი, აპრილის ფასი 2.86 ლარი, მატება 0%
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა – სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებიდან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასის განახლება ყოველთვიურად, სპეციალური ფორმულის საფუძველზე ხდება.
მთავრობა სუპერის ტიპის ბენზინს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასგან“, პრემიუმ საწვავის ბენზინს „რომპეტროლ საქართველოსგან“, ევრორეგულარს „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიასგან“ და ევროდიზელს „სან პეტროლიუმ ჯორჯიასგან“ ყიდულობს.
ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი საქართველოში რუსეთიდან შემოდის. ბოლო პერიოდში იმპორტის კლების მიუხედავად, რუსულ საწვავს კვლავაც ყიდულობენ სახელმწიფო უწყებები.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული 1 ლიტრი საწვავი თებერვლის თვეში საშუალოდ 75 ცენტი ღირდა.