ანტიკორუფციული ბიურო, რომელმაც თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი უნდა განახორციელოს, 2023 წლის შედეგებს მალავს. ამის შესახებ მიუთითებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”(TI).
არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები პროაქტიულად 2023 წლის ბოლოს არ გამოაქვეყნა. უფრო მეტიც, ის ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ბიუროს განცხადება, რომ მონიტორინგის შედეგები უწყების 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია წარმოდგენილი, არ შეესაბამება სიმართლეს.
რა ინფორმაციას მალავს ანტიკორუფციული ბიურო?
2023 წელს სულ 720 თანამდებობის პირის დეკლარაცია უნდა შემოწმებულიყო.
არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბიურომ დეკემბრის ბოლოს არ გაასაჯაროვა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის პირდაპირი დარღვევაა.
მისივე თქმით, ანტიკორუფციულ ბიურო მალავს ინფორმაციას 720 თანამდებობის პირის დეკლარაციაზე, რომელთა შორის არის ირაკლი ღარიბაშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი შოთაძისა და მისი მოადგილეების, გრიგოლ ლილუაშვილისა და მისი მოადგილეების, პარლამენტის წევრების, მათ შორის შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, დიმიტრი სამხარაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, დიმიტრი ხუნდაძის, ნინო წილოსანის, მიხეილ ყაველაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ბექა ოდიშარიას დეკლარაციები. ასევე, მოსამართლეების, მათ შორის შალვა თადუმაძის, ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, დიმიტრი გვრიტიშვილის, ვასილ მშვენიერაძის დეკლარაციები.
TI ასევე ამბობს, რომ ბიურომ არ გაასაჯაროვა ინფორმაცია, აღმოაჩინა თუ არა დარღვევები ამ თანამდებობის პირთა დეკლარაციებში, თუ აღმოაჩინა, რა დარღვევები ჰქონდათ და საპასუხოდ, რა ტიპის სანქცია გამოიყენა (გაფრთხილება თუ დაჯარიმება).
ანტიკორუფციულმა ბიურომ საქმიანობის წლიურ ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტს 2024 წლის 29 მარტს წარუდგინა, ასახა მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ (2023 წლის 1 სექტემბრამდე) განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ზოგადი სტატისტიკა, თანამდებობის პირებს, და დარღვევებისა და დაკისრებული სანქციის მითითების გარეშე. ამასთან, ბიურომ მონაცემები არც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე არ გასცა.
რა თქვა ბიურომ
როგორც ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშიდან ირკვევა, საჯარო სამსახურის ბიურომ 2023 წელს სულ 500 თანამდებობის პირის დეკლარაცია შეამოწმა, მათგან 317 ელექტრონული სისტემის საშუალებით შერჩეული თანამდებობის პირია, 166 – დამოუკიდებელი კომისიის მიერ, ხოლო – 17 დასაბუთებული განცხადების საფუძველზე შერჩეული. შემოწმებული 500 დეკლარანტიდან: დაჯარიმდა – 109 (21.8%), გაფრთხილდა – 4 (0.8%), დადებითად დასრულდა – 372 (74.4%), ხოლო 15 (3%) შემთხვევაში მონიტორინგი შეწყდა. მათგან 2 შემთხვევაში გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტი.
ბიუროს წლიური ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან, წლის ბოლომდე, ანტიკორუფციულ ბიუროში შესამოწმებელი თანამდებობის პირების სრულმა რაოდენობამ შეადგინა – 220, რომელთაგან 145 პირი შერჩეულია დამოუკიდებელი კომისიის მიერ, ხოლო 75 – დასაბუთებული განცხადების საფუძველზე.
ანტიკორუფციულმა ბიურომ მის მიერ შემოწმებული დეკლარაციების შედეგების ზოგადი სტატისტიკაც კი არ გაასაჯაროვა.
რას იტყუება ბიურო ანგარიშში?
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, ბიუროს მიერ 220 თანამდებობის პირის შედეგების არ გასაჯაროება, იმ არგუმენტით, რომ ადმინისტრაციული წარმოებები ჯერ კიდევ მიმდინარეა, სცდება როგორც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვრულ ვადებს:
კანონის მოთხოვნით, დეკლარაციების მონიტორინგის გრაფიკი წინასწარ განისაზღვრება ბიუროს უფროსის ბრძანების საფუძველზე, შესამოწმებელი დეკლარაციები წინასწარ ნაწილდება თვეების მიხედვით.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მეოცე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის დეკლარაციაში დარღვევების აღმოჩენის და მისთვის „ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.“
შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს განცხადება, რომ მის მიერ შესამოწმებელ ყველა დეკლარაციაზე (220 დეკლარაცია) ადმინისტრაციული წარმოება 2024 წლის 29 მარტის მდგომარეობით მიმდინარე იყო და ამ საფუძვლით, მას არ შეეძლო შედეგების გასაჯაროება – ცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნას.
საინტერესოა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შესამოწმებელ თანამდებობის პირებს შორის იყვნენ პრემიერ-მინისტრი, 9 მინისტრი, 13 მინისტრის მოადგილე, საქართველოს პარლამენტის 68 წევრი, 5 მოსამართლე, 2 პროკურორი, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეები. ბიურო აცხადებს, რომ ამ თანამდებობის პირების მონიტორინგის შედეგებს 2024 წლის ანგარიშში ასახავს, რომელიც 2025 წლის მარტში უნდა გამოქვეყნდეს.