გერმანიის მთავრობას ყოფილი კანცლერის – ანგელა მერკელის ვარცხნილობისა და მაკიაჟისთვის თითქმის €55 000 აქვს გადახდილი 2021 წლის შემდეგ – რაც მან თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Tagesspiegel-მა მოიპოვა.
ანგელა მერკელმა თანამდებობა თითქმის ორი წლის წინ დატოვა, მაგრამ ფედერალური მთავრობა მის გარკვეულ ხარჯებს მაინც აფინანსებს. ფედერალური მთავრობა იხდის თმის ვარცხნილობისა და მაკიაჟის საფასურს მერკელის როგორც საჯარო, ისე კერძო ღონისძიებებისთვის.
ყოფილი კანცლერის გარეგნობაზე ბიუჯეტიდან 2023 წელს €17,200, 2022 წელს კი €37,780 დაიხარჯა.
ეს ნიშნავს, რომ მერკელის გარეგნობისთვის თვეში დაახლოებით €3000-ს იხდიან. თუ სტილისტი მერკელს თან ახლავს შეხვედრებზე, მისი მგზავრობა და სასტუმროში განთავსებაც ფინანსდება.
მერკელი აღარ სარგებლობს მისი ყოფილი ვიზაჟისტის მომსახურებით. მას ახლა ახალი ვიზაჟისტი ჰყავს, რომელიც ასევე მისი სამოსის დიზაინზეც ზრუნავს.
გერმანიის ამჟამინდელი კანცლერი, ოლაფ შოლცი ასევე არ იშურებს ბიუჯეტის თანხებს თმის მოვლასა და მაკიაჟზე. ამ მიზნით მან მიმდინარე წელს €21 808 დახარჯა, 2022 წელს კი ამ მაჩვენებელმა €39 910-ს მიაღწია.