საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ანაკლიის პორტის საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება $600 მილიონია. ამის შესახებ მან დღეს, 22 ოქტომბერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება – მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება. ხოლო სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება.
კობახიძის თქმით, ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებულმა ბელგიურმა კომპანია Jan De Nul-მა ინტენსიური სამუშაოები 16 სექტემბერს დაიწყო. პირველ ეტაპზე ზღვის ფსკერის გაღრმავება მოხდება.
“Jan De Nul სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული. კომპანიას სრულად, ან ნაწილობრივ, განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორებიცაა – პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში მაროკოში, ჰამბურგის პორტის გაღრმავების პროექტი, დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო. დამეთანხმებით, რომ ეს ჩამონათვალი უკვე მეტყველებს ამ კომპანიის განსაკუთრებულ გამოცდილებაზე და ჩვენ მოხარულები ამ კომპანიის ჩართულობით ვართ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში”,- თქვა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერი ამბობს, რომ მიმდინარეობს ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი და ამ ეტაპზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ზუსტდება წარმოდგენილი წინადადების დეტალები, რის შემდეგაც ახლო მომავალში საპარტნიორო შეთანხმება და საკონცესიო შეთანხმება გაფორმდება.