ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294 ადამიანს შეადგენს, ამის შესახებ დღეს,18 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ნათია იოსელიანმა თქვა.
მისი განმარტებით, სამი კატეგორიის ამომრჩევლების რაოდენობა ასე ნაწილდება: 135 922 ახალგაზრდას პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმართა; უცხოეთში შექმნილი საარჩევნო უბნებზე 95 910 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
რაც შეეხება ინფორმაციას საარჩევნო უბნებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი გაიხსნება; აქედან საქართველოში სულ 3 044 საარჩევნო უბანი იქნება; 12 საარჩევნო უბანი გაიხსნება პენიტენციურ დაწესებულებებში;1 საარჩევნო უბანი გაიხსნება ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში; ხოლო საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი იქნება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ამჯერად არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება. პარლამენტში სადეპუტატო მანდატებს მიიღებენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.