ჩინური ბანკები, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობდნენ, ტოვებენ მოსკოვის ბირჟას, რომელიც აშშ-ს სანქციების ქვეშ მოექცა.
ამის შესახებ The Moscow Times საფონდო ბირჟის სტატისტიკაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანახმად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ჩინეთის სავალუტო ვაჭრობაში ტრანზაქციების მკვეთრი შემცირება დაფიქსირდა. მაისის თვესთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 14%-ით 1,89 მილიონ რუბლამდე შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2023 წლის თებერვლის შემდეგ.
ამავდროულად, მკვეთრად გაიზარდა ჩინური იუანის ბრუნვა ბირჟის გარეთ- ივნისში ტრანზაქციების მოცულობამ 27%-ით მოიმატა.
იუანი, რომელიც რუსეთში ჩინეთში გაყიდული ნავთობის საფასურის სახით ირიცხება, ბირჟის გარეთ ხვდება, მოსკოვის ბირჟაზე დოლარისა და ევროს აკრძალვის შემდეგ.
Bloomberg-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჩინეთის ბანკები თანდათან შეწყვეტენ ოპერაციებს მოსკოვის ბირჟასთან და ეროვნულ კლირინგ ცენტრთან, რომელიც ასევე სანქცირებულია.