აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობს, რომ უკრაინამ, რუსეთმა და ევროკავშირმა მიმართეს აზერბაიჯანს, რათა შეინარჩუნონ რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის ტერიტორიის გავლით. საუბარია აზერბაიჯანული გაზის რუსეთისა და უკრაინის გავლით ევროპაში მიწოდებაზე.
„რუსეთი, უკრაინა და ევროპული ინსტიტუტები დაგვიკავშირდნენ უკრაინის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ალიევის თქმით, უკვე რამდენიმე თვეა ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ცნობილია, რომ თუ ტრანზიტი შეჩერდება – და ეს მოხდება დეკემბერში – ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას ბუნებრივი აირით მომარაგების სერიოზული პრობლემა შეექმნება. ჩვენ უბრალოდ გვინდა მხარი დავუჭიროთ ამ ქვეყნებს და უკრაინას, რადგან თუ გაზის ტრანზიტი შეჩერდება. მაშინ უკრაინის გაზის განაწილების სისტემა მთლიანად პარალიზებული იქნება“, – აღნიშნა მან.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით ალიევი ამბობს, რომ აზერბაიჯანი უკრაინასა და რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს. „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის და ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ ვყოფილვართ და არ ვიქნებით ანტირუსული სანქციების კამპანიის ნაწილი”,- ამბობს ალიევი.
ცნობისთვის, უკრაინა არ აპირებს რუსეთთან გაზის ტრანზიტის ხელშეკრულების განახლებას, რომელსაც ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება. ევროპის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, იგი მზად არის გაზის სხვა მიმწოდებლებისგან ტრანზიტი განახორციელოს.