ელექტრომობილების გაყიდვები მართალია, იზრდება, მაგრამ ავტომწარმოებლები და კომპანიები, რომლებსაც მილიარდობით დოლარის ინვესტიცია აქვთ ჩადებული ამ ბიზნესში, ამბობენ, რომ უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდათ. ამის შესახებ Reuters წერს.
უკმაყოფილების მიზეზი კრედიტებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, რომლებიც მუდმივად იმატებს. ეს კომპანიებს აიძულებს, შეცვალონ გეგმები.
„მომავალ წელს ელექტრომობილებზე მოთხოვნა შეიძლება, მოსალოდნელზე უფრო ნაკლები იყოს”, – თქვა ლი ჩანგ-სოლმა, LG Energy Solution-ის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა.
Honda-მა და General Motors-მა 25 ოქტომბერს გამოაცხადეს, რომ შეწყვეტენ იაფი ელექტრომობილების €5 მილიარდის ღირებულების ერთობლივ პროექტს.
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა გასულ კვირას გამოაცხადა მექსიკაში ქარხნის აშენების გადადება.
„შეშფოთებული ვარ მაღალი საპროცენტო განაკვეთებით… თუ საპროცენტო განაკვეთები დარჩება მაღალი ან გაიზრდება, ხალხისთვის ბევრად უფრო რთული იქნება მანქანის შეძენა”, –თქვა მასკმა.
მსგავსი შეშფოთება სხვა ავტომწარმოებლებმაც გამოთქვეს.
Volkswagen-მა გასულ კვირას შეამცირა მიმდინარე წლის მოგების პროგნოზი და მიზეზად ნედლეულთან დაკავშირებული სირთულეები დაასახელა. ამ მასალის ზოგიერთი ნაწილი გამოიყენება ელექტრომანქანების ბატარეებში.
Ford-მა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ დროებით აჩერებს სამ ცვლაში მუშაობას ქარხანაში, სადაც ელექტრო F-150 Lightning პიკაპს აწარმოებს. ხოლო ივლისში, ელექტრომანქანების წარმოების გაფართოება შეანელა და ინვესტიცია ჰიბრიდების წარმოებაზე გადაამისამართა.
ჩინურმა CATL-მა, ელექტრო ავტომობილების ბატარეების მსოფლიოში უმსხვილესმა მწარმოებელმა, გასულ კვირას განაცხადა, რომ მესამე კვარტალში მიღებული მოგება ყველაზე ნაკლები იყო გასული წლის დასაწყისიდან მის პროდუქტებზე მოთხოვნის კლების გამო.