აშშ ავსტრიულ Raiffeisen Bank-ს სანქციებით ემუქრება რუსეთთან კავშირის გამო.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვენაში ჩავა, რათა Raiffeisen Bank International გააფრთხილოს, რუსეთთან ფინანსური ურთიერთობების გაგრძელების გამო. ამის შესახებ Reuters წერს.
ავსტრიული Raiffeisen Bank International (RBI) ერთ-ერთია იმ რამდენიმე საერთაშორისო ბანკიდან, რომელიც განაგრძობს რუსეთში ოპერირებას.
ანა მორისი, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენელი მოუწოდებს ავსტრიულ ბანკებს გაითვალისწინონ ახალი სანქციები, რომელიც „აძლიერებს რისკებს ბანკებისთვის“ და სთხოვს მათ „დაიცვან თავი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზასთან დაკავშირებული ვაჭრობისგან და აშშ-ს ფინანსური სისტემისგან გათიშვის რისკისგან“.
მორისი შეხვდება ავსტრიის მთავრობის წარმომადგენლებს და კომპანიებს, რათა განიხილონ ჯარიმების და ფულის გათეთრების საკითხები.
RBI-მ განაცხადა, რომ მუდმივად ურთიერთობს მარეგულირებლებთან და შესაბამისი წესებით მოქმედებს.
RBI, დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, გადახდის სერვისებს სთავაზობს მრავალ რუსულ კომპანიას. ბანკის აცხადებდა, რომ გეგმავდა რუსული ოპერაციების გამიჯვნას, მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა.
Reuters-ის ინფორმაციით, RBI რუსეთში ემსახურება დაახლოებით 2,600 კორპორაციულ კლიენტს, 4 მილიონ ანგარიშს და დასაქმებული ჰყავს 10,000 თანამშრომელი. რუსული მხარის სურვილია, ბანკი დარჩეს რუსეთში, რადგან ის საჭიროა მისი საერთაშორისო გადახდებისთვის.
რუსეთში ასევე აგრძელებს მუშაობას იტალიის UniCredit. რუსეთის ბაზრიდან გასვლას არც ის ჩქარობს.