სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ადასტურებს, რომ რამდენიმე ავიაკომპანიამ რუსეთთან პირდაპირი ფრენების ნებართვისთვის მიმართა.
თუმცა, სააგენტო ამ ავიაკომპანიებს არ ასახელებს. ასევე, უწყებას არ დაუკონკრეტებია, რა სიხშირით მოითხოვეს ავიაკომპანიებმა ფრენა.
უწყება კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოს აეროპორტებით სანქცირებული ავიაკომპანიები ვერ ისარგებლებენ. სააგენტო განმარტავს, რომ ყველა განაცხადს, ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას თუ დოკუმენტაციას სანქციებთან მიმართებაში დეტალურად შეისწავლიან და გადაამოწმებენ.
„გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში და ფრენის ნებართვები ზემოთ აღნიშნული პრინციპით იქნება გაცემული“, – წერია სააგენტოს განცხადებაში.