თვითმფრინავით მგზავრობის დროს კონფლიქტი ყველაზე ხშირად სავარძლების საზურგეების გადაწევის გამო ხდება.
ამიტომ ბევრი ავიაკომპანია თანდათან ამცირებს გადასაწევ სავარძლებს ან საერთოდ აუქმებს მათ.
ირლანდიურმა Ryanair-მა ეს ჯერ კიდევ 2004 წელს გააკეთა. ეს მისი მგზავრებისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან დაბალბიუჯეტიანი კომპანიები უმეტესად მოკლე მანძილზე დღის ფრენებს ახორციელებენ.
თუმცა, ამ ფუნქციის მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნა ასევე დაიწყეს იმ ავიაკომპანიებმაც, რომლებიც უფრო ხანგრძლივ რეისებს ასრულებენ.
მაგალითად, სავარძლებს საზურგის ნაწილობრივ გადაწევის ფუნქცია დაუტოვა British Airways-მა ოთხ საათზე ხანმოკლე ფრენებზე. ასევე მოიქცნენ Delta, American Airlines, Southwest Airlines და Finnair.
ბორტზე სკანდალების თავიდან აცილების გარდა, ამ გადაწყვეტილების კიდევ რამდენიმე მიზეზი არსებობს. კერძოდ, სამედიცინო ექსპერტთა აზრით, მგზავრების ხერხემლისთვის ყველაზე კარგი ვარიანტია ძილი „ოდნავ დახრილ“ პოზიციაში.
გარდა ამისა, გადასაწევი სავარძლები უფრო რთულ მექანიზმებს საჭიროებენ, რაც დამატებითი ხარჯია წარმოებისთვის და ასევე, მისი შეკეთებისას, დაზიანების შემთხვევაში.
ექსპერტების აზრით, ავიაკომპანიები, რომლებიც გრძელ მარშრუტებზე დაფრინავენ, უახლოეს მომავალში ასეთ სავარძლებს არ გააუქმებენ.
ავიაკომპანიები კი მგზავრებს მოუწოდებენ, არ გადაწვნენ სკამზე აფრენის ან დაფრენის დროს ან საჭმლის მირთმევისას. საზურგის გადაწევამდე, სასურველია, უკან მჯდომი მგზავრის გაფრთხილება და კითხვა, შეუშლის თუ არა ეს მას. უამრავი შემთხვევაა, როდესაც სავარძლის უეცარმა გადაწევამ გამოიწვია მგზავრის ცხვირის დაზიანება ან ლეპტოპის გატეხა. ასეთი შემთხვევების დროს მგზავრებს შორის კონფლიქტებიც ხშირად ხდება.