„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენარული სხდომაზე დღეს გაგრძელდება.
სხდომა 12:00 საათზე უნდა დაიწყოს.
კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა საპარლამენტო სესიაზე გუშინ, 30 აპრილს მიმდინარეობდა და სულ სამი მუხლის განხილვა მოესწრო.
კანონპროექტის განხილვის პარალელურად პარლამენტთან კვლავ ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც „რუსული კანონის” მიღებას აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეების დასაშლელად საპოლიციო ძალებმა და სპეცდანიშნულების რაზმებმა ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
მათ რამდენჯერმე დაარბიეს აქცია. ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და დააკავეს აქციის მონაწილეები. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. შსს-ში საგანგებო ბრიფინგი 10:00- საათზეა დანიშნული.
ძალოვნებმა სცემეს „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი და ამავე პარტიის წევრი სოფო ჯაფარიძე. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ალეკო ელისაშვილს. ასევე ნაცემია ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი.
სპეცდანიშნულების რაზმებმა რუსთაველის გამზირი გამთენიისას, 4:00 საათზე დატოვა.