საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ „აგენტების კანონით“ გათვალისწინებულ ბაზაში რეგისტრაცია 1 აგვისტოდან დაიწყება. ამის შესახებ მან იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, უკვე მზად არის არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების რეგისტრაციისთვის აუცილებელი ტექნიკური ბაზა და ვინც კანონის მოთხოვნაზე უარს იტყვის, ის 25 ათასი ლარით დაჯარიმდება.
„1 აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც ექცევიან ამ კრიტერიუმებში, შეუძლიათ უკვე განაცხადის გაკეთება… თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, იცით თქვენ შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას“, – თქვა მინისტრმა.
ცნობისთვის, საზოგადოების მასშტაბური პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება.