რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა და მისმა ყოფილმა მეუღლემ დარია ჟუკოვამ კვიპროსში $962 მილიონის ღირებულების 369 ნახატი გადამალეს. ამის შესახებ Important Stories-მა და Guardian-მა ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაარკვიეს.
გამოძიება ეყრდნობა კვიპროსის ბიზნეს რეგისტრატორის – MeritServus-ის ფაილებს, რომლებმაც 2023 წლის დასაწყისში გაჟონა.
აღმოჩენილი ხელოვნების ნიმუშები ოფიციალურად კომპანია Seline-Invest-ს ეკუთვნოდა, რომელსაც აბრამოვიჩის მიერ 2010 წელს კვიპროსში დაარსებული კომპანია Ermis Trust Settlement აკონტროლებს.
ნახატების კოლექციაში შედის ათობით მსოფლიო შედევრი: პაბლო პიკასოს, კლოდ მონეს, ფრენსის ბეკონის, ლუსიან ფროიდის, ალბერტო ჯაკომეტის, რენე მაგრიტის, კაზიმირ მალევიჩის და სხვათა ნახატები.
2021 წლის დასაწყისში, აბრამოვიჩმა და ჟუკოვამ, განქორწინების შემდეგ, წილები გაიყვეს. კომპანიაში მათი კუთვნილი აქციების თანაფარდობა 51%/49% იყო. ექსპერტების თქმით, სწორედ ეს იცავდა კოლექციას სანქციებისგან, რომლებიც მილიარდერის სხვა აქტივებს შეეხო, მათ შორის საფეხბურთო კლუბ ჩელსისაც.
2023 წლის იანვარში Credit Suisse-ისა და კვიპროსში დაფუძნებული MeritServus-ის დოკუმენტების გაჟონვამ ასევე გამოავლინა, რომ აბრამოვიჩი ფლობდა $2 მილიარდზე მეტ აქტივს და ნაღდ ფულს Credit Suisse-ში, UBS-სა და Barclays-ში.
აბრამოვიჩი ფლობდა რამდენიმე ოფშორულ კომპანიას, მაგრამ საკუთრებას რთული კორპორაციული სტრუქტურის მიღმა მალავდა. ის კომპანიებს, სავარაუდოდ, ფულის გასათეთრებლად იყენებდა.