აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა სამშაბათს, 10 სექტემბერს პირველი დებატები გამართეს. ეკონომიკური საკითხები დებატების ცენტრალური თემა იყო.
კანდიდატებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს საკუთარი ეკონომიკური პროგრამები. ახალი საკითხები მათ არ წარმოუდგენიათ.
პრეზიდენტობის კანდიდების საარჩევნო პროგრამაში სამი ძირითადი ეკონომიკური თემა შედის- გადასახადები, ინფლაცია და სტუდენტური სესხები.
გადასახადები
რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი აპირებს 20%-იანი ტარიფის შემოღებას აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე და 60% ან მეტი განაკვეთის დაწესებას ჩინურ პროდუქტებზე.
ეკონომისტების უმეტესობა ამბობს, რომ გაზრდილი ტარიფები უფრო მეტად დააზარალებს ეკონომიკას, ვიდრე დაეხმარება, რადგან საბოლოოდ ის პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს, რაც ტვირთად მოქალაქეებს დააწვება.
ჰარისმა თქვა, რომ გაზრდილი გადასახადები საშუალო მოქალაქეს ცხოვრებას გაუძვირებენ და გააკრიტიკა ტრამპის პრეზიდენტობის დროინდელი ეკონომიკური პოლიტიკა.
„ტრამპის ადმინისტრაციამ გამოიწვია სავაჭრო დეფიციტი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, რაც კი ოდესმე გვინახავს ამერიკის ისტორიაში…მან მოიწვია სავაჭრო ომები“, – თქვა ჰარისმა.
ჰარისმა პირობა დადო, რომ გაზრდის კორპორაციული გადასახადის განაკვეთს, ხოლო ტრამპი აპირებს მის მკვეთრ შემცირებას, 15%-მდე შემცირებას მისი ამჟამინდელი 21%-დან.
ჰარისი ამერიკელებს ასევე სთავაზობს საგადასახადო შეღავათებს სახლების მშენებლებისთვის, სახლის ფასების შემცირების მიზნით.
ინფლაცია
თითოეული კანდიდატი თავის ოპონენტს ინფლაციაში ადანაშაულებდა. ტრამპმა თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს “ფაქტობრივად არანაირი ინფლაცია არ ყოფილა” და ფასები მხოლოდ 7,5%-ით გაიზარდა. მან თქვა, რომ ჰარისი იყო პასუხისმგებელი ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მაღალ ინფლაციაზე და წარუმატებელ საიმიგრაციო პოლიტიკაზე.
თავის მხრივ, ჰარისმა წარმოადგინა თავისი ეკონომიკური პოლიტიკა და თქვა, რომ ტრამპის წინადადებები გაზრდის ინფლაციას.
სტუდენტური სესხები
ჰარისმა მხარი დაუჭირა ბაიდენის პროგრამას სტუდენტური სესხებთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს $168,5 მილიარდის სტუდენტური ვალის ჩამოწერას.
მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტური სესხები არ იყო დებატების მთავარი თემა, ტრამპმა გააკრიტიკა ბაიდენის სესხის პატიების გეგმები. “ყველა სტუდენტი დასცინოდა ამ ყველაფერს, რადგანაც ეს უსამართლო იქნებოდა მილიონობით ადამიანის მიმართ, რომლებსაც სტუდენტური სესხები უნდა დაეფარათ, უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა და ეს არ მიიღო”, – თქვა ტრამპმა.