სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერები გასცა. ორივე ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულში. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, პუტინს და ბელოვას დააკავებენ.
განცხადება ჰააგის ტრიბუნალის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა, სადაც წერია:
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინის სიტუაციის კონტექსტში გამოსცა დაპატიმრების ორდერები ორ პირზე: ბატონ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინსა და ქალბატონ მარია ალექსეის ასულ ლვოვა-ბელოვაზე.
ბატონი ვლადიმირ ვლადიმირს ძე პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულის ჩადენის – მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის გამო. დანაშაულები სავარაუდოდ ჩადენილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ.
არსებობს დასაბუთებული საფუძველი ჩავთვალოთ, რომ ბატონ პუტინს ეკისრება ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ზემოთ დასახელებული დანაშაულებისთვის – რომ მან ეს ქმედებები ჩაიდინა თავად, სხვებთან ერთად და/ან სხვების მეშვეობით (მუხლი 25(3)) და რომ მან ვერ შეძლო სათანადოდ გაეკონტროლებინა მის დაქვემდებარებაში მყოფი სამოქალაქო და სამხედრო პირები, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს, ან დაუშვეს მათი ჩადენა და რომლებიც მისი ეფექტური ხელმძღვანელობისა და კონტროლს ქვეშ იმყოფებოდნენ (მუხლი 28 (ბ))“.
მეორე პირზე დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ ჰააგის ტრიბუნალის საიტზე ვკითხულობთ:
„ქალბატონი მარია ალექსეის ასული ლვოვა-ბელოვა, დაბადებული 1984 წლის 25 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფისის ბავშვთა უფლებების კომისარი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე – მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის (რომის სტატუტის მუხლები 8(2)(a)(vii) და 8(2)(b)(viii)) გამო. დანაშაულები სავარაუდოდ ჩადენილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ.
არსებობს დასაბუთებული საფუძველი ჩავთვალოთ, რომ ქალბატონ ლვოვა-ბელოვას ეკისრება ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დასახელებულ დანაშაულებში, მათი პირადად, სხვებთან ერთდ და/ან სხვების მეშვეობით ჩადენისთვის (რომის სტატუტის მუხლი 25 (3))“.
იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილება ეხება მიმდინარე ვითარებას, რომელიც ახლაც გრძელდება და რომ ორდერების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხელს შეუწყობს დანაშაულების შემდგომ ჩადენის პრევენციას, სასამართლოს რეგისტრატორისთვის ორდერების, ეჭვმიტანილების, დანაშაულების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების უფლებამოსილება მიანიჭა.