აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა და მხარი დაუჭირა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რომელიც შეცვლის მას საპრეზიდენტო არჩევნებში და იბრძოლებს რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.
81 წლის ბაიდენმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ პრეზიდენტისა და მთავარსარდლის ფუნქციებს 2025 წლის იანვრამდე შეასრულებს.
“ჩემთვის უდიდესი პატივია ცხოვრებაში, გემსახუროთ პრეზიდენტად. მართალია, კვლავ არჩევას ვესწრაფოდი, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემი პარტიის და ქვეყნის ინტერესებშია, გადავდგე და ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დავუთმო მთელი ყურადღება დარჩენილ ვადაში”“, – წერს ბაიდენი.
ამომრჩევლებისთვის მისი საჯარო მიმართვა მომავალ კვირაშია დაგეგმილი.
კონგრესის 36 დემოკრატმა დეპუტატმა ბაიდენს საჯაროდ მოუწოდა, დაესრულებინა საპრეზიდენტო კამპანია. ჯერ კიდევ შაბათს ღამით პრეზიდენტი ამბობდა, რომ კანდიდატურის მოხსნას არ აპირებდა. დღეს კი პრეზიდენტმა უთხრა თავის გუნდს, რომ არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქრა.
ახლა აშშ-ის ყველა შტატის დემოკრატმა წარმომადგენლებმა, კენჭი უნდა უყარონ კამალა ჰარისს პრეზიდენტობის კანდიდატურაზე.
კონგრესის რესპუბლიკელი დეპუტატები ამბობენ, რომ ბაიდენი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს პრეზიდენტის თანამდებობიდან.