კომპანია ჯორჯიან მანგანეზი აცხადებს, რომ მზად არის ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს, მაგრამ გარკვეული პირობებით. კერძოდ, „თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში”.
ამ შეთავაზების შესახებ ჯორჯიან მანგანეზი საგანგებო განცხადებაში წერს:
„არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა.
კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება, ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციებზე არაერთგზის გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადაეცეთ.
ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი.
ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს“, – წერია განცხადებაში.
ამჟამად ჭიათურაში ყველა მაღარო გაჩერებულია. მაღაროელები მე-19 დღეა გაფიცულები არიან. პროტესტის ნიშნად, ერთმა მაღაროელმა თვალები, ერთმაც პირი ამოიკერა.
გაფიცულების ნაწილი პარლამენტის წინ აგრძელებენ გაფიცვას, ნაწილი კი აქციას ჭიათურაში მართავს. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 20%-ით გაზრდაა, რაზეც კომპანია უარს ამბობს და მხოლოდ 5%-ით მატებაზეა თანახმა.