ჯანდაცვის მინისტრის – ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებსაც მედიკამენტების ბაზა ჯერ კიდევ არ გაუხსნიათ, დღეიდან სანქციები დაუწესდებათ.
როგორც მინისტრმა განმარტა, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, კერძოდ, 15 მარტიდან, უკვე გასულია გაფრთხილებისთვის მიცემული ვადაც, ამიტომ „რეაგირება უფრო მკაცრი იქნება“.
15 მარტიდან ძალაში შევიდა მოთხოვნა, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტროსთვის მედიკამენტების ფასების ბაზის გახსნას ავალდებულებს. ეს მოთხოვნა ბაზარზე მოქმედ 3 ათასამდე აფთიაქს შეეხება, რომლებიც 7 ათასამდე სხვადასხვა დასახელების მედიკამენტს ყიდიან.
სამინისტროს განმარტებით, ეს მექანიზმი მათ საშუალებას მისცემს, ბაზარზე ხელოვნური დეფიციტის შექმნის, ფასების ხელოვნურად გაზრდის, ან რეფერენტული ფასწარმოქმნის დარღვევასთან დაკავშირებული რისკები შემცირდეს.