ჯანდაცვის სამინისტრო იმ ფარმაცევტული კომპანიების დაჯარიმებას დაიწყებს, რომლებიც მედიკამენტების რეფერენტულ ფასებში რეალიზაციის წესს დააღვევენ. კომპანიებმა უნდა გახსნან მედიკამენტების ბაზაც, რათა რეგულირების სააგენტომ ფასების კონტროლი შეძლონ. ამგვარად, რეგულირების სააგენტო მედიკამენტებთან დაკავშირებული ყველა ტრანზაქციას ელექტრონულ რეჟიმში დააკვირდება. რომელი კომპანიაც არ გახსნის ბაზას, დაჯარიმდება.
შემოწმების დაწყების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ფარმაცევტული კომპანიები დღეს გააფრთხილა.
როგორც ცნობილია, მოთხოვნა ფარმაცევტული კომპანიებისთვის, რაც მათ მიერ მედიკამენტების ბაზის გახსნას ითვალისწინებს, 15 მარტიდან შევიდა ძალაში.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საშეღავათო პერიოდის ყველანაირი გონივრული ვადა ამოწურულია და იწყება კომპანიების გაკონტროლება. პირველ შემთხვევაზე კომპანია შეიძლება გააფრთხილონ, გამეორების შემთხვევაში კი ჯარიმა 5 000-დან 35 ათას ლარამდე იქნება. მისი თქმით, პროცესი აუცილებლად მივა ბოლომდე.
„აფთიაქები კანონის კიდევ 2-3 თვით გადავადებას ითხოვდნენ, მაგრამ არავითარი გადავადება არ იქნება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მედიკამენტებს რეფერენტულ ფასებში რეალიზაცია ანუ ფასების ზედა ზღვარი სახელმწიფომ განსაზღვრა 1 100-მდე მედიკამენტის გაყიდვაზე ან იმპორტზე. ზურაბ აზარაშვილის თქმით, რეფერენტული ფასი ეტაპობრივად ამოქმედდება.