ჩინური წარმოების ავტომობილების ნაკადი იზრდება და ამაში აქტიურად ერთვება ჩინეთის საელჩო საქართველოში.
ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი ამბობს, რომ ხელს შეუწყობენ საქართველოში ელექტრომანქანების ჩინური ბრენდების შემოსვლას. ასევე წელს იგეგმება ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების ბაზრობის მოწყობა, რომელიც სავარაუდოდ, ქუთაისში განთავსდება. ელჩის თქმით, ამ საკითხზე კომპანია „ჰუალინგთან“ აქვთ მოლაპარაკება. ამის შესახებ ჭოუ ციენმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.
ელჩის თქმით, ჩინური ავტომწარმოებლის, BYD-ის ზოგიერთი სახეობის ელექტრომანქანების შეძენა ჩინელ მომხმარებლებს $11 000-ად შეუძლიათ და მიიჩნევს, რომ ასეთ ფასად, მაღალი ხარისხის ელექტრომანქანების ყიდვა სხვა ქვეყნებშიც ხელსაყრელი იქნება. ელჩი ამბობს, რომ ჩინური კომპანიების აზრით, რომ საქართველოში ინვესტირება უსაფრთხო და მოგებიანია.
„BYD-ის გაყიდვებმა გასული წლის მეოთხე კვარტალში ახალ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების გლობალურ გაყიდვებში Tesla-ს გადაასწრო. ჩინელ მომხმარებელს შეუძლია 11 000 დოლარად შეიძინოს BYD-ის კომპაქტური ელექტრომანქანა. ამავე ფასში ხელმისაწვდომია უფრო დიდი ზომის ჰიბრიდული ავტომობილებიც. ვფიქრობ, ასეთ ფასში ასეთი მაღალი ხარისხის პროდუქტი – ნებისმიერ ქვეყანაში პოპულარული იქნება. მზად ვართ ხელი შევუწყოთ ელექტრომანქანების ჩინური ბრენდების ქართულ ბაზარზე შემოსვლას“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.
ჭოუ ციენი ამბობს, რომ საქართველოში ინვესტიციებით ბევრი ჩინური კომპანიაა დაინტერესებული.
იაფი ჩინური ელექტრომობილები ბევრი ქვეყნისთვის თავის ტკივილად იქცა.
აშშ ჩინური პროდუქციის ექსპანსიისგან ბაზრის დასაცავად იმპორტის გადასახადს 4-ჯერ ზრდის. ევროპელ ავტომწარმოებლებს ასევე ძალიან უჭირთ კონკურენცია გაუწიონ ჩინურ ავტომობილებს. ევროკომისიამ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო ჩინურ ელექტრომობილების წინააღმდეგ, რასაც საფრანგეთი ძლიერად უჭერს მხარს.
დასავლეთის მხრიდან შეზღუდვების პირობებში ჩინეთი აქტიურად ეძებს გასაღების ბაზრებს მესამე ქვეყნებში. ჩინური ავტომობილების იმპორტი მკვეთრად გაიზარდა საქართველოშიც.
როგორც ჩინეთის ელჩის განცხადებიდან ჩანს, მომავალში ჩინური წარმოების ბრენდების კიდევ უფრო ძლიერ ექსპანსიას უნდა ველოდოთ.