ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, შესაბამისად, არ აღიარებს მის შედეგებს და მოითხოვს “ქართული ოცნების” ლიდერების სანქცირებას.
“საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო გაყალბების შემდეგ” ასეთი დასახელება აქვს რეზოლუციას, რომელსაც 444-მა ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 72, ხოლო 82-მა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის რეზოლუციებს სამართლებრივი ძალა არ აქვს, ის ევროკავშირის არჩეული ორგანოს პოზიციას გამოხატავს.
რეზოლუციის თანახმად, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები „არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს“, ის მრავალი დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა. კერძოდ, აღნიშნულია შემდეგი დარღვევები: ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, მოსყიდვა, დაშინება, დამკვირვებელთა შევიწროება, ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების ჩამოღთმევა და სხვა.
„არჩევნები გაყალბდა ამომრჩეველთა დაშინების, დაკვირვებისთვის ხელის შეშლის და ხმის მიცემის პროცედურების მანიპულაციით. ეს ვერ ჩაითვლება თავისუფლად და სამართლიანად“, – ვკითხულობთ ტექსტში.
დოკუმენტში წერია, რომ ევროპარლამენტი უარს ამბობს არჩევნების აღიარებაზე და მოითხოვს ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს „გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის“ ქვეშ.
ტექსტში აღნიშნულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის როლი საქართველოს „დემოკრატიულ უკუსვლაში და ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ზიანის მიყენებაში რუსეთისკენ შებრუნების სანაცვლოდ“.
ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოითხოვს ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესებას.
ცნობისთვის, სანქციების შემოღება მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ სრული კონსენსუსით. როგორც ცნობილია, ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია და ბულგარეთი.
ივანიშვილთან ერთად, რეზოლუცია „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების სანქცირებასაც მოითხოვს. მათ შორის არიან ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.
კენჭისყრისას ევროპარლამენტარებმა დაამტკიცა რეზოლუციის ერთი შესწორება, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.