PSP ჯგუფის დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი მთავრობას ურჩევს, მედიკამენტებზე დააწესოს რეფერენტული ფასები, „რათა დასრულდეს საუბარი ფასების სამართლიანობაზე“. მისი თქმით, მთავრობას შეუძლია, გამოაცხადოს საერთაშორისო ტენდერი, განახორციელოს მედიკამენტების კონსოლიდირებული შესყიდვა და ამ გზით, მივიღოთ უდაბლესი ფასები მედიკამენტებზე.
აღნიშნული განცხადება კახა ოქრიაშვილმა პრემიერ-მინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებების პასუხად გააკეთა, რომელმაც PSP დაადანაშაულა ონკოლოგიური მედიკამენტების 200-300%-იანი ფასნამატით გაყიდვაში, ხოლო კომპანიის დამფუძნებელი „დესტრუქციული ძალის წარმომადგენლად“ მოიხსენია.
კახა ოქრიაშვილის თქმით, მედიკამენტების კონსოლიდირებული შესყიდვის და რეფერენტული ფასების შემოღება სწორედ ფარმაცევტული ბიზნესის ინიციატივით მოხდა.
„პრემიერი თავს იწონებს, რომ თურქეთის ბაზარი გახსნა და თურქეთიდან შემოსული მედიკამენტების ფასი შეამცირა. დიახ, ასეა, მაგრამ ამას ვითხოვდით ჩვენ, ფარმაცევტული კომპანიები, ჯერ კიდევ 2010 წლიდან.
ათი წლის მანძილზე „ქართულმა ოცნებამ“ ყური არ შეიბერტყა და როგორც იქნა, ათი წლის თავზე, ერთ ფურცლიანი დადგენილება დაწერეს. რა მაგარი საქმე გაგიკეთებიათ! პირადად მე, ასჯერ მაქვს ნათქვამი „ქართული ოცნების“ წევრებისთვის, თქვენი მთავრობის ჯანდაცვის ყველა მინისტრისთვის, რომ გაგეხსნათ თურქული ბაზარი – სად იყავით 10 წელი?! რატომ მოანდომეთ ამდენი დრო ერთი ფურცლის დაწერას? თურქული ბაზარი თქვენ კი არ გახსენით, ჩვენ, ფარმაცევტულმა კომპანიებმა და პირადად მე გაგახსნევინეთ!“ – წერს კახა ოქრიაშვილი პრემიერ მინისტრისთვის გაგზავნილ ღია წერილში.
PSP-მ გამოაქვეყნა ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული მედიკამენტის ფასები და განაცხადა, რომ ონკოლოგიური და ძვირად ღირებული მედიკამენტების მომსახურება კომპანიისთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა.
„ჩვენ, კომპანია PSP-ს, არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ონკოლოგიური და ძვირად ღირებული მედიკამენტების ფასწარმოქმნა კომპანიის მოგებაზე ორიენტაციით არ ხდება, ხშირ შემთხვევებში თვითღირებულებით მიგვიწოდებია ეს მედიკამენტები მომხმარებლისთვის მათი აქტუალობის და მწარმოებლის ძვირი ფასის გამო.
ჯანდაცვის მინისტრმა 25 მარტის შაბათის ეთერში განაცხადა რომ: „ფასები გადამოწმდა იმპორტის ღირებულებებითაც და სამწუხაროდ 2-ჯერ და 3-ჯერ ძვირია საიმპორტო ფასთან შედარებით“ და რომ “1000 ლარიანი მედიკამენტი ….. მოულოდნელად 3000 ლარი გახდა”
მედიკამენტ აფინიტორის ღირებულება არა თუ 3-ჯერ გაიზარდა, არამედ მისი ღირებულება შემცირებულია 10%-მდე.
აღნიშნული მედიკამენტის იმპორტის ღირებულება 2022 წლის განმავლობაში $841,47-ია და ლარში მისი თვითღირებულება იცვლებოდა იმპორტის თარიღის და მიმდინარე კურსის მიხედვით, შესაბამისად მისი თვითღირებულება ყოველთვის აღემატებოდა 1000 ლარს“ – აღნიშნულია PSP-ს განცხადებაში.
მთავრობის განცხადებების პარალელურად ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობის მოკვლევა დაიწყო კონკურენციის სააგენტომ. კომპანიები, დიდი ალბათობით, არიან: გეფა (ფარმადეპო–ჯიპისი), ავერსი-ფარმა, PSP ფარმა და მერმისი, რადგან ჯანდაცვის სამინისტრომ სწორედ ამ ფარმაცევტული კომპანიების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც ზოგიერთი დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტებზე გაზრდილი ფასები იყო მითითებული.
სააგენტომ მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებასა და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს (ე.წ. კარტელური გარიგებები) გულისხმობს.