ჯორჯიან მანგანეზში დასაქმებული 4 ათასამდე ადამიანიდან უმეტესობა ისევ გაფიცულია. ამის გამო ამჟამად ყველა მაღარო გაჩერებულია.
მაღაროელები ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
გაფიცულებსა და ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება ამ დრომდე არ ხერხდება. კომპანია გაფიცულების მოთხოვნების შესრულებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს და დათმობაზე წასვლას არ აპირებს.
გაფიცულები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების შესრულებამდე, ისინი მაღაროში მუშაობას არ გააგრძელებენ.
მაღაროელების თქმით, მათ კომპანიის ხელმძღვანელობა ანაზღაურების 12%-ით მატებას დაჰპირდა, მაგრამ დაპირება არ შესრულებულა.
მაღაროელების მოთხოვნაა, იმ სამუშაო პირობების აღდგენა, რომელიც სპეციალურ რეჟიმამდე არსებობდა. მაღაროში სპეციალური რეჟიმი კომპანიამ 2023 წლის 1-ელ იანვარს შემოიღო.
სპეციალური რეჟიმის პირობებში დასაქმებულთა უმეტესობა 3 თვით არ მუშაობდა და ხელფასის 60%-ს იღებდა.
სპეციალურ რეჟიმზე გადასვლის მიზეზად ჯორჯიან მანგანეზი ფეროშენადნობების ბაზარზე არსებულ კრიზისს ასახელებს, რამაც პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება და ფასების ვარდნა გამოიწვია.
კომპანია ფინანსურად მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ 2023 წელს ექსპორტი კომპანიას საერთოდ არ ჰქონია. კერძოდ, კომპანიის მიერ 8 ივნისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ფეროშენადნობების ბაზარზე კრიზისი გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო, რამაც პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება და ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. ჯორჯიან მანგანეზი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ექსპორტი არ განუხორციელებია, რადგან მსოფლიო ბაზარზე კრიზისია და ფასი მინიმალურ მაჩვენებელზეა.
კომპანიის განმარტებით, კრიზისული ვითარების გამო, ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვება, გამდიდრება და მასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა დროებით შეჩერებულია. ხელფასების გადახდას კი კომპანია ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს.
ჯორჯიან მანგანეზის განცხადებით, რთული პირობების მიუხედავად, დასაქმებულთათვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, უკვე მეხუთე თვეა 3 382 თანამშრომელს ხელფასის 60%-ს უხდის, რაც თვეში 6 მილიონ ლარზე მეტია.