შინაგან საქმეთა სამინისტრო რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკან დაბრუნების 2024 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკას აქვეყნებს.
როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, საანგარიშო პერიოდში ჯამში საქართველოს 1 015 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა. შედარებისთვის, 2023 წელს ეს მაჩვენებელი – 1 190 იყო.
რაც შეეხება ქვეყნებს, ყველაზე მეტი – 611 მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს, საფრანგეთიდან – 165; ხოლო შვეიცარიიდან – 34.
ქვეყნების ათეული, საიდანაც ყველაზე მეტი უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქე გამოაბრუნეს:
- საბერძნეთი – 32
- პოლონეთი – 29
- იტალია – 23
- ბელგია – 20
- ირლანდია – 18
- ესპანეთი – 16
- ავსტრია და ჰოლანდია – 12-12
რაც შეეხება 2023 წლის სრულ სტატისტიკას, შარშან რეადმისიას საქართველოს 4 365 მოქალაქე დაექვემდებარა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა.
შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს, საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო აანაზღაურებს.