მსოფლიო ბანკი (WB) 2023 წელს საქართველოში ეკონომიკის 4.4%-ით ზრდას ელოდება. მიზეზად ორგანიზაცია ასახელებს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ზრდის შენელებას და ფინანსური პირობების გამკაცრებას.
ბანკის მიერ იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზი უარესი იყო. ორგანიზაცია ეკონომიკის 4%-ით ზრდას ვარაუდობდა.
მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელია ინფლაციის თანდათან შემცირება, მაღალი მოთხოვნის არსებობის მიუხედავად. თუმცა ზოგიერთ სასურსათო პროდუქტსა და საცხოვრებლის ქირაზე ფასებზე ზეწოლა შეიძლება გაგრძელდეს.
მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებობს მნიშვნელოვანი რისკები, რაც უკრაინის ომს და სხვა გაურკვევლობებს უკავშირდება. მონეტარულმა გამკაცრებამ ან ფულის შემოდინების კლებამ შეიძლება, შეაფერხოს ზრდა, გაზარდოს ზეწოლა ვალუტაზე და გაზარდოს ვალის დონე. პოტენციური შოკის შემცირებას ხელი უნდა შეუწყოს მკაცრი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებამ.
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი მიიჩნევს, რომ გაურკვევლობა კვლავ მაღალია და სიფრთხილეა საჭირო მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას. მთავრობამ მაღალი საბიუჯეტო შემოსავლები ფისკალური დეფიციტის შესამცირებლად უნდა გამოიყენოს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება სტრუქტურული რეფორმების განხორციელება, სახელმწიფო საწარმოების მართვის გაძლიერება და მიწის ბაზრის რეფორმების გაგრძელება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებობს სტრუქტურული გამოწვევები, განსაკუთრებით, სუსტი პროდუქტიულობა და მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების სიმცირე.
დასაქმებულების მესამედზე მეტი ჩართულია ნაკლებად პროდუქტიულ სოფლის მეურნეობაში. დასწავლის ცუდი მაჩვენებლები და შესაბამისი უნარების ნაკლებობა ასევე ხელს უშლის კერძო სექტორის ზრდას.
ვაჭრობის ღიაობისა და ტურიზმზე დამოკიდებულების გამო, საქართველო გარე შოკებისგან დაუცველია. დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი და გარე წყაროებიდან მიღებულ დანაზოგებზე მუდმივი დამოკიდებულება ზრდის ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებულ რისკებს. ასევე, მუდმივი ძალისხმევაა საჭირო საექსპორტო კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად.
ანგარიშის მიხედვით, 2024 და 2025 წლებში საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 5% იქნება.