კონკურენციის სააგენტო შეისწავლის, აქვს თუ არა ადგილი ფარმაცევტულ ბაზარზე არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს. სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე არ გამორიცხავს, რომ ბაზრის სუბიექტების მხრიდან ხდებოდეს არაკეთილსინდისიერი შეთანხმებები, რაც მედიკამენტებზე ფასის ზრდას იწვევს.
„ვმუშაობთ წინასწარ შეფასებაზე, რა ტიპის მედიკამენტებია გაძვირებული და ამ მედიკამენტების ბაზარი რეალურად როგორი სტრუქტურითაა წარმოდგენილი – არიან თუ არა იქ დომინანტები და ა.შ. წინასწარი შეფასების შემდეგ გვეცოდინება, რა რეაგირება შეიძლება გვქონდეს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მისი თქმით, სააგენტომ წინასწარ შეფასებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.
თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასების ზრდის შესახებ განცხადება ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. უწყების ცნობით, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს არაკეთილსინდისიერ ქმედებებს, რაც ფასების ხელოვნურად ზრდას იწვევს.