ჩინეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების, მათი კომპონენტებისა და აღჭურვილობის ექსპორტზე შეზღუდვებს აწესებს, ამის შესახებ Reuters წერს.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს ცნობით, შეზღუდვები 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება ქვეყნის „ეროვნული უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვის მიზნით“.
აკრძალვა შეეხება შვიდ კილოგრამზე მეტი წონის შორ მანძილზე მფრენ სამოქალაქო დრონებს, რომლებსაც შეუძლიათ ჰაერში ნახევარ საათზე მეტ ხანს დარჩენა, ობიექტების ტრანსპორტირება და მათი ძირს ჩამოგდება.
დრონების საზღვარგარეთ გატანა მხოლოდ სპეციალური საექსპორტო ლიცენზიის მიღების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ჩინეთის სამთავრობო უწყებამ გადაწყვეტილება შემდეგნაირად განმარტა: „არსებობს ასეთი თვითმფრინავების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების რისკი”.
აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, 2023 წლის გაზაფხულამდე ჩინეთმა რუსეთს სულ მცირე $12 მილიონის ღირებულების დრონები და კომპონენტები მიაწოდა.
Politico კი, საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით, წერდა, რომ 2023 წლის დასაწყისიდან რუსეთში $100 მილიონზე მეტი ღირებულების სამოქალაქო დრონი შეიტანეს ჩინეთიდან.
როგორც Kommersant წერს, ჩინეთიდან დრონების ექსპორტის აკრძალვა რუსეთის ბაზარზე ფასების ზრდას და საფრენი აპარატების დეფიციტს გამოიწვევს. ექსპორტის შეზღუდვებს განსაკუთრებით იგრძნობენ სოფლის მეურნეობის სექტორში, ასევე მონიტორინგისა და გეოდეზიის სფეროებში.