ბოლო ათ წელიწადში, ჩინეთმა აზიის, აფრიკისა და ევროპის ბევრი ქვეყნის მთავრობებს დიდი ოდენობით თანხები ასესხა. ის გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კრედიტორი. ამგვარად, თავისი გლობალური გავლენაც გაზარდა.
კვლევებმა, რომლებიც ჩაატარეს ჰარვარდის კენედის სკოლამ, კიელის ეკონომიკის ინსტიტუტმა და აშშ-ს კვლევითმა ლაბორატორიამ AidData-მ, აჩვენა, რომ 2008-დან 2021 წლამდე ჩინეთმა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის $240 მილიარდის კრედიტი მისცა 22 ქვეყნის მთავრობას. მათ შორის არგენტინას, პაკისტანს, კენიას და თურქეთს.
ჩინეთის კრედიტები ნაკლებია იმ თანხებზე, რასაც შეერთებული შტატები ან საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) კრიზისში მყოფ ქვეყნებზე გასცემენ, მაგრამ ის არაერთი განვითარებადი ქვეყნის მთავარი კრედიტორია.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ პეკინის სტრატეგიას იგივე მიზანი აქვს, რასაც აშშ თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ახორციელებდა – დახმარებას სთავაზობდა დიდი ვალის მქონე ქვეყნებს, რის შედეგად ის გლობალურ ფინანსურ ძალად გადაიქცა.