ჩინეთი აკრიტიკებს დასავლურ მედიას მისი მოსახლეობის შემცირების შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო.
ჩინეთში აპროტესტებენ მონაცემებს იმის შესახებ, რომ მას მოსახლეობის რაოდენობით ინდოეთმა გადაუსწრო.
ჩინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (CCTV) აცხადებს, რომ დასავლეთი, ამ მონაცემების გავრცელებით, მიზანმიმართულად უგულებელყოფს ჩინეთის განვითარებას და ამას მისი შავი პიარისთვის იყენებს.
როგორც CCTV იუწყება, დასავლური მედიის ქვეტექსტია, რომ ჩინეთი „დიდ უბედურებაშია”, მისი ეკონომიკა შემცირდება და ამის გამო გლობალური ეკონომიკაც დაზარალდება.
როგორც ცნობილია, დასავლურმა მედიამ, გაერო-ს მონაცემებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდოეთი გახდა მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალი ერი და ქვეყანას ამ წლის შუა პერიოდისთვის ჩინეთზე თითქმის 3 მილიონით მეტი მოსახლეობა ეყოლება.
„შობადობის შემცირება და ბავშვების გაჩენის სურვილის დაქვეითება საერთო პრობლემაა, რომელსაც მთელი მსოფლიო აწყდება”, –განაცხადა CCTV-მა.
გაერო-ს მონაცემებით, გასულ წელს, პირველად ექვსი ათწლეულის განმავლობაში, ჩინეთის მოსახლეობამ კლება აჩვენა, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს მის ეკონომიკაზე.
„მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ნიჭი ასევე მნიშვნელოვანია… ჩინეთმა გაატარა აქტიური ზომები მოსახლეობის დაბერების საპასუხოდ”, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა.
„ჩვენი ეკონომიკური სიძლიერე მაინც უფრო მეტი იქნება”, – თქვა მან და დასძინა, რომ ინდოეთის მოსახლეობის ზრდა „ჩვენზე დიდ გავლენას არ ახდენს. ეს ჩვენზე დიდად არ მოქმედებს”.