სავარაუდოდ, ჩეჩენი ბიზნესმენის – ასლანბეკ ახმეტხანოვის და გროზნოს ყოფილი მერის საავტომობილო კოლონამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სულ მცირე, 43-ჯერ დაარღვია საავტომობილო მოძრაობის წესები. ვიდეოჯარიმების მოცულობა, სულ მცირე, 7450 ლარს შეადგენს. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მასალაში ჩანს რუსული სანომრე ნიშნებით მოძრავი, ერთნაირი მერსედესის G-კლასის ავტომობილების კოლონა, თითქმის ერთნაირი სანომრე ნიშნებით. ფოტო და ვიდეომასალა საქართველოს სხვადასხვა ქალაქშია გადაღებული.
ყველა მათგანის ნომერში ფიგურირებს სამი შვიდიანი. მაგალითად: A777AC77, C777CE77, A777AK77 და O777OC77.
შსს-ის პორტალზე გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითრებიდან ჩანს, რომ ამ ოთხი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებს 22 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდში ზუსტად 43 ჯარიმა აქვთ გამოწერილი.
ერთ-ერთი ეს ავტომობილი, სანომრე ნიშნებით A777AC77, სავარაუდოდ, ჩეჩენ ბიზნესმენს – ასლანბეკ ახმეტხანოვს ეკუთვნის. ასეთივე ავტომობილები იდენტური ნომრებით ასახულია ვიდეოში, რომელიც ინსტაგრამზე ბიზნესმენ ასლანბეკ ახმეტხანოვის სახელით ერთი წლის წინ არის გამოქვეყნებული.
7450 ლარის 43 ჯარიმა
- ავტომობილს, სანომრე ნიშნებით A777AC77 10 დარღვევა უფიქსირდება; სავარაუდოდ, ეს ეკუთვნის ახმეტხანოვს;
- ავტომობილს, სანომრე ნიშნებით C777CE77 – 8 ჯარიმა;
- ავტომობილს, სანომრე ნიშნებით A777AK77 – 9 ჯარიმა;
- ავტომობილს, სანომრე ნიშნებით O777OC77 – 7 ჯარიმა
- ავტომობილს, სანომრე ნიშნებით B800EC797 – 9 ჯარიმა;
ამ სამი ავტომობილის ჯარიმების მოცულობა 7450 ლარს აღწევს.
- A777AC77 – 1550 ლარი;
- C777CE77 – 1650 ლარი;
- A777AK77 – 1700 ლარი.
- O777OC77 – 1100 ლარი
- B800EC797 – 1450 ლარი
პირველი ჯარიმა დაფიქსირებულია 22 მაისს, ხოლო ბოლო ოთხი – 3 ივნისს.
ჯარიმები გამოწერილია საავტომობილო მოძრაობის წესების დარღვევისათვის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის თბილისში, ხაშურთან, აგარასთან, ნიგოითთან (გურიაში), ლანჩხუთთან, ჯაპანასთან და შეკვეთილთან. მათ საგზაო მოძრაობის წესები ძირითადად ერთსა და იმავე ადგილებში აქვთ დარღვეული.
შსს-ს ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
მმართველ პარტიაში დაადასტურეს, რომ საქართველოში იმყოფებოდნენ გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი მეგობრებთან ერთად და განაცხადეს, რომ მათ ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევიათ.
ვინ არის ასლანბეკ ახმეტხანოვი
გამოცემა კავკაზსკი უზელი («Кавказский узел») წერდა, რომ ახმეტხანოვი ძალიან მდიდარი ბიზნესმენი და კომპანია იუგ-ნეფტის («Юг-нефть») მფლობელია, რომელსაც კავშირი აქვს დანაშაულებრივ სამყაროსთან. გამოცემის წყაროები იუწყებოდნენ, რომ მისი ზედმეტსახელია „ეშმაკი“.
2020 წლის აპრილში რამზან კადიროვი დაუპირისპირდა ასლანბეკ ახმეტხანოვს, კარანტინის დროს ქალების გარემოცვაში ალკოჰოლური სასმლის მიღებისა და ასევე იარაღის შესყიდვის გამო. ბიზნესმენმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ, მუქარების ფონზე, გარკვეული დროით ოჯახი დატოვა. ბიზნესმენი საკუთარ სახლში რამდენიმე კვირის შემდეგ დაბრუნდა. ექსპერტები მაშინ აღნიშნავდნენ, რომ ფინანსური ინტერესების გამო, კადიროვი ბიზნესმენ ახმეტხანოვს არ გაწირავდა.
მთავარი არხის ინფორმაციით, „კადიროველებმა“ საქართველო უკვე დატოვეს და თურქეთში გადავიდნენ.