საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ 2022 წელს საქართველოს მცხოვრებლები ქვეყნის შიგნით ნაკლებად გადაადგილდებოდნენ. მათ, 2021 წელთან შედარებით, შეამცირეს როგორც ტურისტული ვიზიტების, ასევე ექსკურსიების რაოდენობაც.
შარშან, საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ, თვეში საშუალოდ, 640 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი შედგა, რაც 3.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში 720,1 ათასი ექსკურსიული ვიზიტი განხორციელდა, რაც თითქმის 4%-იანი კლებაა.
სტატისტიკამ აჩვენა, რომ უფრო მეტად მოგზაურობენ ქალები. ისინი ვიზიტორების 54.9%- ს შეადგენენ. ვიზიტორების 36.8% მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას.
ვიზიტები დანიშნულების მიხედვით ასე განაწილდა:
- მეგობრების/ნათესავების მონახულება – 50,8%
- მეორე სახლის ან აგარაკის მონახულება – 12,3%
- შოპინგი – 11,7%
- დასვენება, გართობა, რეკრეაცია – 9,7%
- მკურნალობა, გაჯანსაღება – 8,9%
- პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა – 3,2%
- სხვა – 3,5%
გაზრდილია გადაადგილების ხარჯები. სულ გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობამ 248.3 მილიონი ლარი შეადგინა. ეს 9.8%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, თითო ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 13.9%-ით და 182.4 ლარს უტოლდება.