TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, სექტემბრის საქონლით ვაჭრობის მაჩვენებლები მოლოდინების შესაბამისია.
დეტალური სტატისტიკა მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება, თუმცა, როგორც ჩანს, მიზეზები წინა თვის ანალოგიური იყო. ამასთან, შედარებით ნაკლები ადგილობრივი დამატებული ღირებულების გათვალისწინებით, ავტომობილების რეექსპორტის დინამიკა საყურადღებო იქნება.
რაც შეეხება ისრაელიდან გადმორიცხვებს, როგორც მთავარი ეკონომისტი აღნიშნავს, განვითარებული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენისთვის მეტი დროა საჭირო.
შესაბამისად, 13 ოქტომბრის მონაცემებით, თიბისის არხებით განხორციელებულ საბარათე ხარჯებსა და გზავნილებში ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური ტენდენცია ჯერჯერობით არ იკვეთება. ამ საკითხზე უფრო დეტალური მიმოხილვა TBC Capital-ის მომდევნო პუბლიკაციებში იქნება ხელმისაწვდომი.
ასევე საყურადღებოა, რომ გასულ პერიოდში სებ-ის მიერ აშშ დოლარის გაყიდვის მიმართულებით განხორციელებული ინტერვენციების გათვალისწინებითაც, როგორც მთლიანი, ისე წმინდა საერთაშორისო სავალუტო რეზერვები კვლავ მაღალ დონეზეა. წმინდა რეზერვების მაჩვენებელი ბოლო დაახლოებით წლინახევრის პერიოდში გაორმაგებულია.