თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის გაფორმდა შეთანხმება ერთობლივი საწარმოს – Middle Corridor Multimodal-ის შექმნის შესახებ.
ერთობლივი კომპანიის მიზანი შუა დერეფანში საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის ხელშეწყობაა.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის – გენადი არველაძის თქმით, პარტნიორი ქვეყნები გეგმავენ ტვირთნაკადების გაზრდას შუა დერეფნის მარშრუტზე, ამასთანავე, ახალი ბლოკმატარებლების მოზიდვას.
საუბარია ტვირთმფლობელებისთვის ,,ერთი ფანჯრის პრინციპით” მომსახურების გაწევაზე.
ამისთვის კი უნდა აღმოიფხვრას როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ქვეყნებს შორის ვაჭრობას.
სამი ქვეყნის რკინიგზების ხელმძღვანელებმა სადამფუძნებლო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეიქმნა ახალი კომპანიის წესდება, რომელიც დამფუძნებლების ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს, საწარმოს შექმნისა და ფუნქციონირების პრინციპებს განსაზღვრავს.
აბრეშუმის გზის ფორუმის მთავარი საკითხი ჩინეთს, ევროპასა და თურქეთს შორის გადაზიდვების ხელშეწყობა იყო, რაც საქართველოს სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის გაძლიერებას გამოიწვევს.
შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდა რკინიგზის მოდერნიზებისა და სატარიფო პოლიტიკის მოწესრიგების გარდა გულისხმობს, პორტების ინფრასტრუქტურის გაფართოებასაც.
კერძოდ, გაფართოვდება ყულევის პორტი აზერბაიჯანის მიერ. ამის შესახებ ფორუმზე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა განაცხადა.
საქართველოს ნავსადგურების გამტარუნარიანობისა და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, აშშ-ის მთავრობის, EBRD-ისა და UK Good Governance Fund-ის დაფინანსებით საზღვაო ნავსადგურებში დაინერგება თანამედროვე ციფრული სისტემები; ნავსადგურებში კი – „საზღვაო ერთი ფანჯრის“ სისტემა, რომლის საპილოტე ვერსია 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ჩაირთვება.