ეკონომიკის სამინისტრო სურსათის ფასების დარეგულირების მიზნით ახალ კანონპროექტზე მუშაობს. კანონპროექტის მიღებას სამომხმარებლო ბაზარზე ფასების შემცირება უნდა მოჰყვეს. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, კანონპროექტი ევროკავშირის სამართლიანი კონკურენციის შესახებ 2019 წლის 633-ე დირექტივის საფუძველზე მომზადდება. მინისტრის განმარტებით, კანონპროექტი უზრუნველყოფს სამართლიან კონკურენციას, ასევე, დაარეგულირებს მიმწოდებლებისთვის გადახდის ვადებს, მათ შორის, ქსელში შესვლის გადასახადს და მარკეტინგული ხარჯების პირობებს. მოხდება მარაგების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალედ გაზიარება, მოგვარდება ე.წ. განმარტებითი რეტრობონუსების საკითხი, მარკეტინგული ხარჯების, უკან დასაბრუნებელი პროდუქტების საკითხი და სხვა. კანონპროექტი პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე უნდა განიხილოს.
რატომ იზრდება ფასები?
როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა სურსათაზე ფასების ზრდის საკითხზე 6 თებერვლის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბაზარზე სურსათის გაძვირების მიზეზად იმპორტიორებისა და დიდი სუპერმარკეტების ქსელების მიერ მაღალი მარჟების და 70-80%-იანი ფასნამატების დაწესება დაასახელა. მისი თქმით, უნდა განისაზღვროს ფასნამატები და მარჟები იმპორტიორებისთვის და დადგინდეს წესები ქსელური მარკეტების რითეილ-სექტორისთვის.
მაღალ ფასნამატს დისტრიბუტორი კომპანიები და რითეილ სექტორი ერთმანეთს აბრალებს. სურსათის მიმწოდებლები გაძვირების მიზეზად რითეილ სექტორში მაღალ გადასახადებს და საოპერაციო ხარჯებს ასახელებდნენ. ცნობისთვის, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია ამ მიმართულებით არსებულ პრობლემაზე უკვე წლებია საუბრობს.
ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას თქმით, სადისტრიბუციო კომპანიებისთვის ყველაზე დიდ პრობლემას ქსელური მარკეტების მიერ თვეობით დაგვიანებული და გადაუხდელი თანხებია, რაც ამ ბიზნესს მძიმე ტვირთად აწვება და ბევრი მეწარმე იძულებული ხდება ბაზარი დატოვოს. რითეილ სექტორი კი ამბობენ, რომ ქსელურ მარკეტებამდე პროდუქტი უკვე მაღალი ფასით მიდის, რასაც არაერთი სხვადასხვა სახის ხარჯიც ემატება.
ეკონომისტები მთავრობის გადაწყვეტილებას კერძო ბიზნესში ხელოვნურ ჩარევად აღიქვამენ. პრემიერ მინისტრის ყოფილი მრჩეველი ბექა ლილუაშვილი ფეისბუქ ქსელში შემდეგი ხასიათის პოსტს აქვეყნებს: „როგორც ჩანს, პოლიტიკურად 90-იანებში დაბრუნების შემდეგ, ახლა ჯერი ეკონომიკაზე დადგა! ვისაც გონია, რომ ფასების დარეგულირებით ხალხს სიკეთეს უკეთებს, იმან უბრალოდ არ იცის სინამდვილეში რამხელა პრობლემები შეექმნება ამ ნაბიჯით ამავე ხალხს. ეს კაცი უბრალოდ მოკლევადიანი იაფფასიანი პოპულიზმის მღაღადებელია, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ეკონომიკაზე”.