გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, სექტემბერში შაქრის ფასების ინდექსი 9.8%-ით გაიზარდა აგვისტოსთან შედარებით და 2010 წლის ნოემბრის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია.
ფასის ზრდა მომავალი სეზონისთვის გლობალური მიწოდების მოსალოდნელ შემცირებას უკავშირდება.
„წინასწარი პროგნოზები მიუთითებს წარმოების შემცირებაზე ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში –ტაილანდსა და ინდოეთში. ეს გამოწვეულია კლიმატური პირობებით. დიდი მოსავალია ბრაზილიაში ხელსაყრელი ამინდის ფონზე, რაც შაქრის მსოფლიო ფასების ზრდას აფერხებს“, – განმარტავს FAO.
სექტემბრის სურსათის გლობალური ფასების ინდექსი ოდნავ შეცვლილია აგვისტოსთან შედარებით.
წინა თვეში მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული სურსათის საერთაშორისო ფასები საშუალოდ 121,5-ს შეადგენდა აგვისტოს 121,4 პუნქტთან შედარებით. სექტემბრის ფასების ინდექსი 10,7%-ით დაბალია გასული წლის მაჩვენებელზე.